გოჩა თევდორაძე - „ქართულ ოცნებას“ დარჩენილი აქვს სულ რაღაც ხუთი-ექვსი დღე, რათა გონს მოეგოს, ვადამდელ არჩევნებზე ისაუბროს და გადაარჩინოს ის პროცესი, რასაც პარლამენტარიზმი ჰქვია
„ქართულ ოცნებას“ დარჩენილი აქვს სულ რაღაც ხუთი-ექვსი დღე, რათა გონს მოეგოს, ვადამდელ არჩევნებზე ისაუბროს და გადაარჩინოს ის პროცესი, რასაც პარლამენტარიზმი ჰქვია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
„ელჩებისთვის რა თქმა უნდა, სასურველი სცენარი არის, თუ მშვიდობიანად მოხდება შეთანხმება და ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამიტომ კარლ ჰარცელის ეს განცხადებები პირველ რიგში ამას ემსახურება. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ არ ტოვებს სივრცეს, რომლითაც შეიძლება, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ დარჩენილი აქვს სულ რაღაც ხუთი-ექვსი დღე, რათა გონს მოეგოს, ვადამდელ არჩევნებზე ისაუბროს და გადაარჩინოს ის პროცესი, რასაც პარლამენტარიზმი ჰქვია, როდესაც საპარლამენტო ცხოვრების მონაწილეა ოპოზიციაც.
ელჩი მართალს ბრძანებს, როდესაც ამბობს რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინა დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და შეთანხმების პროცესზე იმ კანონპროეტით, რომელიც დაფინანსების საკითხს ეხება. ეს იყო პირდაპირ შანტაჟი ოპოზიციური სპექტრის. ამ შანტაჟით ეცადა „ქართული ოცნება“, როგორმე პარლამენტში მიეზიდა პოლიტიკური ძალები. ხვდება, რომ არ გამოსდის, თუმცა უფრო მეტად თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯებით არ გამოირჩეოდა „ქართული ოცნება“ არც სხვა საკითხებთან მიმართებაში. მას მხოლოდ ასეთი შანტაჟის ენით შეუძლია საუბარი. ეს არ არის სწორი რიტორიკა და სწორი ქმედებები.
ქართული ოცნების არათანმიმდევრული და არაადეკვატური ქმედება კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ კანონპროექტით, რომელიც პარტიების რეგისტრაციის საკითხს ეხება. დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეუბნება, ჰაერს ვაუქმებო. დღის წესრიგში არ დგას საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი. საარჩევნო რეგისტრაცია მიმდინარეობდა რამდენიმე თვის წინ და ამის აუცილებლობა იქნება დაახლოებით 11 თვის შემდეგ, როდესაც მოახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. დღეს ჰაერს აუქმებს“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობის შესაფასებლად პარლამენტში რეზოლუციის პროექტი ორჯერ შეიტანა, ირაკლი კობახიძე კი ამის წინააღმდეგ წავიდა.
„ღიმილისმომგვრელია, როცა „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე თითქოს მტრად ეკიდება „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასებასთან დაკავშირებით პარლამენტში ჩვენ ორჯერ შევიტანეთ რეზოლუციის პროექტი და სწორედ კობახიძე იყო, ვინც თავგამოდებით დაიცვა ის საკითხი, რომ როგორმე არ ყოფილიყო ეს პოლიტიკური შეფასება მიცემული. ამიტომ დღეს ძალიან ღიმილის მომგვრელია ეს“, – განაცხადა თევდორაძემ.
მისივე თქმით, დიპლომატების შეფასებები მმართველი გუნდის მიმართ თანდათან უფრო მწვავე იქნება. როგორც თევდორაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც დეპუტატის მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოპოზიციონერების განცხადებები დაკმაყოფილდება, ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში ავტომატურად დადგება.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინციიატივები პარტიების გაუქმებასთან და დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.