გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგში საქართველოდან საჩივრების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახავს 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგებს
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგში საქართველოდან საჩივრების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახავს 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

„საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დადგენილ ვადებში უკვე მეოთხედ პარლამენტს წარედგინა ეს ანგარიში. პარლამენტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ჯეროვნად მოხდეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ასევე კომიტეტების რეკომენდაციები ჩვენ გვეხმარება, რათა კიდევ უფრო დავხვეწოთ და სათანადოდ მივმართოთ ძალისხმევა აღსრულების საქმეების რეალიზებისთვის“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშს და სტატისტიკას, ლორთქიფანიძის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.

„თუ  მაგალითად 2011 წელს 395 იყო, 2012 წელს – 367, 2019 წლის მონაცემებით, არის 130. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2012 წლისთვის ევროპული სასამართლოების წარმოებაში იყო  საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 2883 საქმე, 2019 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 600 საქმეს იხილავს.

ეს არ არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ეს თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახავს იმ ძალისხმევასა და რეფორმების შედეგებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში 2012 წლიდან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ემსხურება ამ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრებას.

რაც შეეხება დახურულ და აღსრულებულ საქმეებს, რის თაობაზეც დამოუკიდებელი ანგარიშია წარმოდგენილი. საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტმა საბოლოო რეზოლუცია მიიღო და აღსრულებულად გამოაცხადა ექვსი საქმე. ასევე აღსრულდა კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი ორი განჩინება, რაც ასევე ასახულია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში. შესაბამისად, სულ საანგარიშო პერიოდში აღსრულებულია 8 საქმე. მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს რაც შეეხება, იმ საქმეებში, სადაც დადგინდა ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლების დარღვევა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი გამოძიება.

2017-2019 წლებში მთავარი პროკურატურის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, განჩინებებების, მეორე და მესამე მუხლების საფუძველზე განხორციელებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 პირის მიმართ, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგ 13 პირის მიმართ ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ევროპული სასამართლოს განჩინებით, ხელისუფლებას აქვს  ვალდებულება, უზრუნველყოს გამოძიება, რის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, ლორთქიფანიძის განმარტებით, წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები დღეს აღარ არის სისტემისთვის დამახასიათებელი.

„წამება და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა  არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ძალისხმევის, რამდენადაც 2012 წლამდე, თუ საჩივრების სტატისტიკას გადავხედავთ, თითქმის პირველ ადგილზეა ის საქმეები, რომლებიც მიემართება ევროპული კონვენციის მესამე მუხლისკენ, სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან ერთად. წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არაერთი ზოგადი, სისტემური ღონისძიება განხორციელდა. გასულ წლებშიც აღინიშნა და კვლავ გავიმეორებ, რომ წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები დღეს აღარ არის სისტემისთვის დამახასიათებელი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.