გოჩა ლორთქიფანიძე - ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა
ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ბატონი გვარამია, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მივიღებთ და შევასრულებთ ყველა გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ზე მიიღებს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს. „ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.