გოჩა კურდღელია - მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მათ შეუძლიათ დარეკონ
ფოთში ყველა საჭირო, სტრატეგიული ობიექტი შეუფერხებლად მუშაობს ,- ამის შესახებ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეფერხება დაფიქსირდა, თუმცა პრობლემა მალევე მოგვარდა.
„ფოთში სიცოცხლისთვის საჭირო ყველა სტრატეგიული ობიექტი შეუფერხებლად მუშაობს. წუხელ იყო ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევა, მაგრამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა იმუშავეს და ოპერატიულად მოგვარდა პრობლემა. შეუფერხებლად გადაადგილდებიან სამედიცინო დაწესებულებების მანქანები“,- განაცხადა ფოთის მერმა.
გოჩა კურდღელია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სახლში დარჩნენ.
„მოვუწოდებ ჩემს თანაქალაქელებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მათ 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დარეკონ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ამასთან, კურდღელიას განმარტებით, ბლოკ პოსტებზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და ყველა შესულ მოქალაქეს თერმოსკრინინგი უტარდება.
„საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტები იღებენ შემდგომ ღონისძიებებს. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდებიან შემოსული ავტომანქანები. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, მინიმუმამდეა შემცირებული ჩვენს ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება“ , – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.