აჭარაში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ
აჭარაში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ

აჭარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კვირეულით აღინიშნება. ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობა, გამოფენები, კონცერტები.

ბათუმში 26 მაისის აღნიშვნა ანბანის კოშკთან სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.

„პირველ რიგში, მსურს, ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ბევრი გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში. აჭარა განსაკუთრებით აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. დაგეგმილია ღონისძიებები როგორც ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირეული მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმელები, ასევე აჭარის თითოეული მცხოვრები, სტუმრები, შესაბამისად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე მივიდა.

მთელი დღის განმავლობაში ბათუმში, ევროპის მოედანზე დაგეგმილია სხვადასხვა ბენდის კონცერტები, სამ საათზე ევროპის მოედნისკენ მოეწყობა სადღესასწაულო მსვლელობა.