თბილისის ღია უნივერსიტეტში „კონფუცის თასზე” გო-ს ღია ტურნირი დაიწყო. შეჯიბრებას საქართველოს გო-ს ფედერაცია ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასთან ერთად მართავს.
ტურნირი ერთდროულად ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება – 12 წლამდე და 12 წლის ზემოთ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც თამაშის წესები იცის. გამარჯვებულები პრიზებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
გო ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და მრავალთა მიერ ყველაზე რთულ სამაგიდო თამაშად არის აღიარებული, რომელიც ჩინეთში ხუთი ათასი წლის წინ მოიგონეს. 1935 წელს ამერიკაში დაფუძნდა გოს ფედერაცია, ორი წლის შემდეგ კი – გერმანიაში. ევროპა-ამერიკაში გო-ს პოპულარობა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გოს საერთაშორისო ფედერაციაში 75 ქვეყანაა გაწევრიანებული. მიუხედავად უმარტივესი წესებისა, გო კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სისტემაა.
„დღეს გო საქართველოში გავრცელებულის ახეობა არაა, მაგრამ ძალიან ბევრი დაინტერესდა და მიმაჩნია, რომ მას დიდი პერპსპექტივა გააჩნია”, – აცხადებს თბილისის გო-ს ფედერაციის პრეზიდენტი დათო როსტომაშვილი.
თავის მხრივ, როგორც საქართველოს გო-ს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ღლონტმა აღნიშნა, ტურნირის მიზანია, საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
„50 წელზე მეტია, რაც ევროპაში გო-ს თამაშობენ და ევროპის ჩემპიონატი ტარდება. ჩვენი მზიანია, რომ ის საქართველოში დავამკვიდროთ და რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთოთ, რადგან ეს სტრატეგიულ და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს”, – განაცხადა გიორგი ღლონტმა.