„გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა“ - რა შედეგები აქვს საქართველოს
„გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა“ - რა შედეგები აქვს საქართველოს

„მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ ყოველწლიური „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა“ გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე ადგილზეა სინგაპური, ხოლო მესამეზე – გერმანია.

საქართველოს პოზიცია ანგარიშში ერთი საფეხურით არის გაუმჯობესებული. კერძოდ საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე მოხვდა. საერთო ჯამში, 2018 წელს საქართვლოს 60,9 ქულა აქვს მინიჭებული. შარშან, ამავე კვლევაში ქვეყანა 67-ე პოზიციაზე იყო, თუმცა 2017 წელს ანგარიში 130 სახელმწიფოს აფასებდა.

კვლევა „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი“ მოიცავს 12 კომპონენტს, რომლებიც თავისთავად 98 ინდიკატორისგან შედგება.

პირველი კომპონენტი არის „ინსტიტუტები“, რომელშიც საქართველომ წელს 61,0 ქულა დაიმსახურა. ამ კომპონენტში შედის 20 ინდიკატორი, როგორიცაა: ორგანიზებული დანაშაული, მკვლელობათა რაოდენობა, ტერორისტული ინციდენტები, პოლიციის სანდოობა, სოციალური კაპიტალი ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი, საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიანობა დავების მოგვარებაში, კორუფციის შემთხვევები, კერძო საკუთრების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ინტერესთა კონფლიქტების რეგულირება და სხვა.

აღნიშნულ ინდიკატორებში საქართველომ სხვადასხვა შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებით, ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა, საქართველო 76,7 ქულით 24-ე პოზიციას იკავებს. ასევე მკვლელობათა რაოდენობის ინდიკატორით რეიტინგში საქართველო 32-ე პოზიციაზეა. საქართველოს შეფასება დადებითია ტერორიზმის შემთხვევების კომპონენტშიც და ქვეყანას მინიჭებული აქვს 99,7 ქულა. გაუმჯობესებულია პოლიციის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხიც. ამ მხრივ ქულა გაუმჯობესდა და 70,4 ნიშნულით საქართველო 40-ე პოზიციას იკავებს.

ამასთან, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კომპონენტში მდგომაროება გაუარესებულია და საქართველო ქულა მაქსიმალური 100-დან 42.5-ია. გაუარესებულია ვითარება ასევე „დავების მოგვარების საკანონმდებლო ჩარჩოს ეფქტიანობისინდიკატორშიც, სადაც საქართველოს 39 ქულა აქვს. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებით, გაუარესებულია მდგომარეობა კორუფციის კუთხითაც. ამ ინდიკატორში საქართველომ 56 ქულა მიიღო და რეიტინგში 41-ე ადგილზეა.

მეორე კომპონენტი, რომლითაც „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას ადგენს „ინფრასტრუქტურაა“. ამ კომპონენტში საქართველომ 66,7 ქულა მიიღო. კომპონენტი მოიცავს 12 ინდიკატორს, როგორიცაა გზების დაკავშირების ინდექსი, გზების ხარისხი, სარკინიგზო გზების ეფექტიანობა, აეროპორტთან კავშირი, საზღვაო პორტების ეფექტიანობა, ელექტროფიცირების დონე და ა.შ.

მესამე კომპონენტი არის „ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიები“ (ICT). ამ კომპონენტში „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ საქართველოს 64,8 ქულით აფასებს. კომპონენტი მოიცავს შემდეგ ინდიკატორებს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა, მობილური ტელეფონების აბონენტთა რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ა.შ.

მეოთხე კომპონენტი „მაკროეკონომიკის სატაბილურობაა“. საქართველოს წელს ამ კომპონენტში 74,5 ქულა აქვს მინიჭებული.

რიგით მეხუთე კომპონენტი არის „ჯანმრთელობა“, რაც მოქალაქეთა ცხოვრების ხანგრძლივობას გულისხმობს. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსის დადგენისას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ასევე ხელმძღვანელობს „პროდუქციის ბაზრისა“ და „შრომის ბაზრის“ კომპონენტით. „პროდუქციის ბაზრის“ კომპონენტში საქართველოს წელს 61 ქულა აქვს, ხოლო „შრომითი ბაზრის“ კომპონენტში  – 65 ქულა.

საქართველოს შეფასება გაუარესებულია „ფინანსური სისტემის“ კომპონენტში. ქვეყანას 54,1 ქულა მიანიჭეს.  აღნიშნული კომპონენტი მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა კერძო სექტორის დაკრედიტება, მცირე საწარმოების დაფინანსება, ბაზრის კაპიტალიზაცია და სხვა.

ამასთან, გაუმჯობესებულია საქართველოს შეფასება „ბიზენსის დინამიურობის“ კომპონენტში, საქართველომ წელს 62.1 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული კომპონენტი აერთიანებს ინდიკატორებს: ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯები და დრო, ამ ინდიკატორებში საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს, შესაბამისად 98.8 და 98.5 ქულა.

ასევე, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ისეთ ინდიკატორებში „დამოკიდებულება სამეწარმეო რისკის მიმართ“, „უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა“, „ინოვაციური კომპანიების ზრდა და კომპანიების სარისკო იდეები“.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი“ ეყრდნობა არა ოფიციალური სტრუქტურების, არამედ რიგითი მოქალაქეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა შეფასებას. გამოკითხვა კონფიდენციალურია.