თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად დღეს გლდანის განახლებული პარკი გახსნა. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ ბავშვობის ის წლები გაიხსენა, როდესაც გლდანში ცხოვრობდა და აღნიშნა, რომ მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა სწორედ გლდანს უკავშირდება.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რასაც დედაქალაქის მერია აკეთებს. მიხარია, რომ დღეს გლდანში განახლებული პარკი გავხსენით. ეს არის რაიონი, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობის გარკვეული პერიოდი. მართალია, ეს იყო 90-იანი წლები, როცა ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, როდესაც არ იყო ელექტროენერგია, გაზი და ასე შემდეგ, თუმცა, გლდანთან მაკავშირებს განსაკუთრებული სიყვარული. ჩემი წარმატება სწორედ გლდანიდან დაიწყო. გლდანის მესამე მიკრორაიონში ვცხოვრობდი და შეიძლება ითქვას, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. როდესაც წინასაარჩევნოდ აქ მოვედი, ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, რომელთა თხოვნაც იყო, ეს სივრცე მოგვეწესრიგებია. მე მათ პირობა მივეცი, რომ ძალიან მალე ამ პროექტს განვახორციელებდით. დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, გაბრწინებულ სახეებიან პატარებს ვხედავ. ყველა თაობის ადამიანს შეუძლია ამ პარკში თავისი სივრცე, ადგილი იპოვოს, ისიამოვნოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მამუკა ბახტაძემ შეკრებილებს პარკის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში მსგავსი მწვანე სივრცეები გვაკლია.
„გილოცავთ ასეთი ლამაზი სკვერის გახსნას. მართლაც, შესანიშნავია ეს ყველაფერი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ვაკეთებდით თბილისის განვითარების პროგრამას, ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით თქვენგან, თბილისელებისგან.
ჩვენ ასე ძალიან გვაკლია ჩვენს ლამაზ ქალაქში მსგავსი მწვანე სივრცეები და ეს არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა კალძეს და მის გუნდს ამისთვის. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები და მომავალი თაობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლამაზი სკვერი გახდება თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის უსაყვარლესი ადგილი, რომელიც ასე ლამაზად არის მოწყობილი. აქ ყველაფერს ნახავთ, სპორტული მოედნებიდან დაწყებული და სპეციალური სივრცეებით დამთავრებული, ჩვენი ბავშვებისათვის, ყველაზე ძვირფასებისთვის, რომელიც ჩვენ გვყავს. ჩვენი ბავშვები ეს არის ჩვენი თაობა. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ისინი გაიზარდონ ასეთ ლამაზ, მეგობრულ გარემოში და ასეთ სითბოში და ამ სითბოს ჩვენ ყველანი აქ ვგრძნობთ. კიდევ ერთხელ, მადლობა თბილისის მერიას, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარკის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო პროგრამა და საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები.
ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტირდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის – სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები; შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი, გასწორდა და დაემატა ახალი ჭები; მოეწყო ველობილიკი; დაიდგა ახალი ნაგვის ურნები; „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით დაემატა ახალი გარეგანათების ბოძები; დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, მოეწყო მხატვრული მინათება და გაძლიერდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები.
6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა.
გლდანის განახლებული პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.