გლდანში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ორი დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.