გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სკვერი ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.
„გლდანში ვიწყებთ კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპარკე არეალების შექმნა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება. შესაბამისად, გლდანში განხორციელდება ე.წ. ბროწეულის სკვერის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ეკოლოგიური მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უნდა გამოვყო 1 000 მწვანე სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018 წლიდან დღემდე 1 000 მსგავსი სივრცის განახლება მოხდა. ეს არის პარკები, სკვერები, გზაგამყოფები, რომლებიც ბეტონის იყო. ყველგან მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა მწვანე სივრცეები. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ე.წ. ბროწეულის სკვერს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. აქ არსებული სივრცე დღესაც გამოიყენება, მაგრამ არსებული მდგომარეობა იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ შეესაბამება, რომლებიც დედაქალაქის მერიას სკვერების მოწყობის მიმართულებით აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები; ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი. ასევე, სასმელი წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა.
„ჩვენ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებას. ასევე, აქ დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. ვფიქრობ, გლდანის რაიონს ამ პროექტის სახით, დამატებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 196 990 ლარია გათვალისწინებული.