გლდანის მერვე დაწესებულებაში გიორგი რურუას ადვოკატები იმყოფებიან
გლდანის მერვე დაწესებულებაში გიორგი რურუას ადვოკატები იმყოფებიან

გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იარაღის უკანონო ტარებაში მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ადვოკატები იმყოფებიან.

ადვოკატების თქმით, ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის მიერ რურუას გამოკითხვა მოხდება.

„დღეს მოხდება გიორგი რურუას გამოკითხვა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა რადგან არ გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ. გიორგი რურუა საპატიმროში იმყოფება უკვე ერთი წელია უკანონოდ სწორედ გამომძიებლების და პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად. ბუნებრივია, მაინც მივიღებთ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში და არ შევუშლით ხელს გამოძიებას. ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა გიორგი რურუაზე. ეს დადასტურდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, რომ არანაირი კონფლიქტი ან შელაპარაკება უშუალოდ თავდასხმის მომენტს წინ არ უძღვის. ამ ადამიანებს საერთოდ არ იცნობდა გიორგი რურუა და შესაბამისად, სხვა მოტივი ბუნებაში ვერ იარსებებდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ იქ და არჩევნებიდან ერთ დღეში განხორციელდა თავდასხმა. დაზიანებები მიყენებული აქვს სახის არეში“, – განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადება 2 ნოემბერს გაავრცელა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ.