პენიტენციური სამსახური - გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია
პენიტენციური სამსახური - გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.

„2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.  აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი