გლდანის მაჟორიტარი აცხადებს, რომ ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლილი ოჯახის ხუთი წევრი ბინაში ქირით რამდენიმე დღის წინ იყო გადასული
თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ოჯახის ხუთი წევრია გარდაცვლილი, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
„ჩვენი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გამოიწვია CO-თი ინტოქსიკაციამ. ოჯახი თბებოდა გაზქურის ღუმელით, ფანჯარა იყო დახურული, სახლში ჰაერი არ მოძრაობდა და მოხდა ინტოქსიკაცია. გარდაცვლილია ოჯახის ხუთი წევრი. სამი არის არასრულწლოვანი. ამ ეტაპზე გადასვენებული არ არიან, მუშაობენ ექსპერტები და მოხდება მათი გადასვენება. ამ სახლში ორი დღის გადმოსული იყვნენ ქირით. გამოძიება დაწყებულია მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ზუსტად რა მოხდა. ეს წინასწარი ინფორმაციაა“, – აცხადებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე.
თბილისში, გლდანის რაიონში რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.