გლდანის ციხეში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, დროებით საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვნად მიაჩნია მერაბ მორჩაძესთან შეხვედრა.
„ამ კვირაში სხვა დაკავებულ პირებსაც შევხვდებით. ასე რომ, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მას გააჩნდეს, ჩვენთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო დასკვნის მიღების პროცესში. ეს ეპიზოდი ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, მ.კ.-ზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ გამოკითხვის შემდეგ შეიძლება თუ არა, რომ სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთოს, კაპანაძემ განაცხადა, რომ, ცალკეული პირების გამოკითხვის შედეგად ძნელია ვინმეს დანაშაულებრივი ქმედების გამოკვეთა.
„ერთობლიობაში, ცალკე არსებული მოწმეების გამოკითხვა, მათ შორის ბრალდებულების გამოკითხვა და სხვა მასალების ანალიზი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სავარაუდოდ შეიძლება იყოს სხვა ადამიანებზე გასვლის ან კონკრეტული ახალი გარემოებების აღმომჩენი. ამაზე წინასწარ საუბარი ნააადრევია, თუმცა, ძალიან მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა კაპანაძემ.
1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა გადასცა.
ადვოკატის განცხადებით, მორჩაძე აღნიშნულ ბრალდებას არ აღიარებს.