მე-10 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებმა იცოდნენ, რომ მალევე შეიწყალებდნენ
საქალაქო სასამართლოში დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
ბრალდების მხარემ ექვსი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა იმ მიზეზით, რომ არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილის, შოთა მახარაშვილის წერილობითი ჩვენების მიხედვით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა – ალექსანდრე ღაჭავამ, მიხეილ ბიბილურიძემ, გერონტი ალანიამ და ავთანდილ აფციაურმა იცოდნენ, რომ განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ და რომ მალევე შეიწყალებდნენ.
„მთელი ღამის განმავლობაში ღრეობა იყო. როდესაც სვამდნენ, ხმაური გამოდიოდა. მე ეს ყველაფერი ციხის უფროსს თეიმურაზ ტაბაღუას ვუთხარი. მითხრა, რომ შეთანხმებული იყო სასჯელაღსრულებასთან, ანუ ბაჩო ახალაიამ ყველაფერი იცოდა. მახსენდება ფაქტი, როდესაც გია ალანიას დაეღუპა მამა. ტაბაღუამ ის გაიყვანა ორი დღით პანაშვიდზე დასაწრებად. როდესაც ერთხელ მივედი სამსახურში, საპატიმრო დაწესებულებიდან გაიყვანეს ერთი კვირით გია ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა საომარი მოქმედებების მიზნით, თუმცა სად იყვნენ, ზუსტად არ ვიცი. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ. მათ ასევე იცოდნენ რომ შეიწყალებდნენ, თუმცა მალევე არ შეიწყალეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით განაწყენებულები იყვნენ“, – აღნიშნულია ჩვენებაში.
დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურამ ექვსი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა.