დავით ჩხატარაშვილი - დათა ახალაიამ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო
დავით ჩხატარაშვილი - დათა ახალაიამ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო

დათა ახალაის თქმით, დაკავებული პირები არ აღიარებდნენ მექანიკურ დაზიანებებსა და ბლაგვი საგნით მიყენებულ ჭრილობებს, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე კუდ-ის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დათა ახალაიამ დაავალა, მოემზადებინა წერილები, რომლებიც მოვლენათა განვითარების ახალაიას ვერსიას ასახავდნენ.

„დამიბარა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საქმე გახსნილია და ის ვერსია, რომელიც შემდგომ განაჩენით დადასტურდა, მომიყვა. მითხრა, რომ თავად მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და დამავალა, მომემზადებინა წერილები, რომლებიც ასახავდნენ მოვლენათა განვითარების ახალაიას ვერსიას. რამდენიმე წერილი შევადგინე, მითხრა, რომ ცენტრალურ კანცელარიაში ეს წერილები არ უნდა გატარებულიყო, რადგან უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. მე შევადგინე ეს წერილები, თუმცა გავატარე ჟურნალში ისე, რომ არ იცოდა დათამ. ჟურნალი შევინახე ჩემს კაბინეტში და უკვე მოგიანებით გადავეცი კანცელარიას.

რამდენიმე ხნის შემდეგ მთხოვა, რომ მენახა ის ადგილი, სადაც ეს მოხდა, რადგან ახალაის თქმით, დაკავებული პირები არ აღიარებდნენ მექანიკურ დაზიანებებსა და ბლაგვი საგნით მიყენებულ ჭრილობებს. ვიყავი ოქროყანაში, მთხოვა შემთხვევის ადგილი დამეთვალიერებინა და მეთქვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ გირგვლიანს გაქცევის დროს დაზიანებები მიეღო და მე ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო. შემდგომ, მე არ მქონია შეხება დაკავებულებთან, არც მომინახულებია, თანაშრომლებისგან ვიცი, რომ სასჯელს კარგ პირობებში იხდიდნენ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავების სანაცვლოდ მათ 100 000 დოლარი მიიღეს“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე კუდ-ის უფროსის მაშინდელი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

ჩხატარაშვილი წლების განმავლობაში საქმეზე ბრალდებულის, დათა ახალაიას მოადგილე იყო და საგამოძიებო და ანტიკორუფციულ მიმართულებას კურირებდა.