ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გია დგებუაძის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გია დგებუაძის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსის გია დგებუაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დათა ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამი პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე საქმეზე,  გია დგებუაძე მეტსახელად „მასტერა“ კი,  დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამი  პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს,  თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დათა ახალაიას და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გია დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი,  სრულიად უდანაშაულო 17-ის, 20-ის და 22 წლის ახალგაზრდები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით,  ვინაიდან ახალაია და დგებუაძე თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. 2016 წლის 22 მარტს, ძებნილი დგებუაძე საქართველოში ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდების სამეფოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

გია დგებუაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებითა (ჯგუფურად, 3 პირის განზრახ მკვლელობა) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამი პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. საბოლოოდ დგებუაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების მხარე, გია დგებუაძის ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრების საკითხს განაჩენის ჩაბარების შემდგომ გადაწყვეტს.