„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - საქართველომ შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს
„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - საქართველომ შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს

„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სამი ოპოზიციური პარტია – „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია, საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო“.

„ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა.

გარდა ზოგადი კონტექსტისა, ყურადღება გავამახვილოთ განცხადებაზე, რომ მომავალში საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევა შესაძლოა, ვალდებულებების შესრულებას დაუკავშირდეს. ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ფინანსურ რესურსს საქართველო მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მიიღებს. მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტში ორ მილიარდ ლარამდე ფინანსური დახმარებითა და 45 მილიონ ლარამდე გრანტებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პოსტ-კოვიდ პანდემიური მდგომარეობის მართვა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაცია, თბილისის მეტროს პროექტი და სხვა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო, უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. არანაკლებია ევროპული კავშირის და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.