გიორგი წნორიაშვილი - საქართველოში სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭება რეგულირებული არ არის და ვისაც როგორ უნდა, ისე მიინიჭებს ხუთ თუ შვიდ ვარსკვლავს
გიორგი წნორიაშვილი - საქართველოში სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭება რეგულირებული არ არის და ვისაც როგორ უნდა, ისე მიინიჭებს ხუთ თუ შვიდ ვარსკვლავს

საქართველოში სასტუმროებისთვის ვარსკვლავის მინიჭება რეგულირებული არ არის და ფაქტობრივად, ვისაც როგორ უნდა, ისე მიინიჭებს ხუთ თუ შვიდ ვარსკვლავს, – ამის შესახებ სასტუმროს უსაფრთხოების სპეციალისტმა, გიორგი წნორიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოში შემოსულია რამდენიმე უცხოური კომპანია, რომელიც სასტუმროების შემოწმებას და შესაბამისი ვარსკვლავის მინიჭებას ახორციელებს, მაგრამ როგორც წესი, ასეთი კომპანიების მომსახურებით ძალიან მცირე ნაწილი თუ ინტერესდება“, – განაცხადა წნორიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, როცა საქართველოში ტურიზმის სფეროში ჩართული დიდი მოთამაშეები შემოდიან, ისინი ადგილობრივ ბაზარს სწავლობენ და პირველ რიგში, სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ეყრდნობიან, მაგრამ ინტერესის შემთხვევაში, სასტუმროების შემოწმებას თვითონაც ახდენენ.

„პირველ რიგში, ეს დიდი მოთამაშეები უსაფრთხოებას აქცევენ ყურადღებას, სასტუმროებში არსებულ უსაფრთხოების სისტემას სწავლობენ და სასტუმროების გამოყენებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციას მხოლოდ ამის შემდეგ გასცემენ. არსებობს მცირე ტურისტული კომპანიები, რომლებსაც ასეთი კვლევების ჩატარების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ და არიან ასევე ინდივიდუალური ჯავშნის მქონე სტუმრები, რომლებიც ამა თუ იმ სასტუმროს შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობიან“, – განაცხადა სასტუმროს უსაფრთხოების სპეციალისტმა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შესული ახალი რეგულაციები 2017 წლამდე აშენებულ შენობებსაც შეეხოს, გიორგი წნორიაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც შესაძლებელია, 2017 წლამდე აშენებულ შენობებში იქნას დანერგილი.

„კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს და ახალი კანონი 2017 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობებზე არ ვრცელდება, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. ამა თუ იმ შენობის მეპატრონეს რომ ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვა მოვთხოვოთ, ფაქტობრივად, თუ საქმე დანგრევამდე არ მივიდა, მათ შენობები მთლიანად უნდა გადააკეთონ. ამიტომ, ასეთი შენობების მეპატრონეებს სახელმწიფომ გარკვეული უსაფრთხოების სტანდარტების დაგეგმვა უნდა მოსთხოვოს, რათა უსაფრთხოების მინიმალური დონე მაინც დააკმაყოფილონ“, – განაცხადა გიორგი წნორიაშვილმა.