გიორგი ვაშაძე - ზალკალიანი უარს ამბობდა იმ ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან
ზალკალიანი უარს ამბობდა იმ ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან და დაჩქარებული წესით მოხდა მისი ჩანაცვლება იმ ადამიანით, რომელიც დააკოპირებს ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ, უარი თქვან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე.
„ჩემი აზრით, ზალკალიანი უარს ამბობდა იმ ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან და დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით მოხდა მისი ჩანაცვლება ადამიანით, რომელიც დააკოპირებს ამიერიდან იმ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას და განცხადებებს, რომელიც აქვს როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და აბსოლუტურად ყველას. მათი რიტორიკა დგას სამ მცდარ პოსტულატზე, რაშიც უნდათ ხალხი დაარწმუნონ: პირველი, თითქოს უკრაინამ დაიწყო და თავიდან ვერ აირიდა საომარი მოქმედებები; მეორე, რუსეთი უძლეველია და მე მათ ვეუბნები, რომ რუსეთი დამარცხდება; მესამე – დასავლეთი არაფერს აკეთებს. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ, მათ უარი თქვან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.