გიორგი ვაშაძე - წინასწარ არ ვისაუბრებ, რას და როგორ გამოვუცხადებთ ბოიკოტს, გვექნება კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, მათთან ერთად უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია
არ გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს, რას და როგორ გამოვუცხადებთ ბოიკოტს, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, მათთან ერთად უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რადგან შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და შეთანხმების შესრულების გარანტი არის აშშ და ევროკავშირი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვაშაძე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ გავა პარლამენტიდან. ხაზარაძემ აღნიშნული ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, მსგავსი განცხადებების გაკეთება არ უნდა იჩქარონ.
„ნამდვილად არ გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ დეტალური კოორდინაცია გვექნება დასავლელ პარტნიორებთან, მათთან ერთად უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას, ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში, ჩვენ ეს საკითხი უნდა გავიაროთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენეთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: – ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან.
მისივე თქმით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
კობახიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად და მოუსმენს და კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, – აღნიშნა კობახიძემ.