მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, ჩვენ, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გავალთ პარლამენტიდან
მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, ჩვენ, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გავალთ პარლამენტიდან

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

„ჩვენ ახლა ვიხილავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს და ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთი ცვლილების განხილვას, როცა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. ამასთან, ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა გაიზიარონ.

„მინდა, განვაცხადო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა. თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მინდა, მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო.

ასევე, მინდა, გზავნილი გავუგზავნო ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე, შარლ მიშელს, რადგან ეს მიდგომა არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის, იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რაც აქამდე იყო, 6 თვის კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ. პირდაპირ გეუბნებით, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები, ამ ქვეყანას ჰქონდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზებული.

თუ ჩვენ გვინდა ხვალინდელი ძლიერი ქვეყანა და გვინდა, შევქმნათ სახელმწიფო, კეთილი ვინებოთ ყველამ, არა მარტო თქვენ, ყველამ, რომ დადებულ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებებს პატივი ვცეთ. თავს არავის მოვატყუებინებთ და არ გაპატიებთ არავინ. ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სვლები. ჩვენ აქ მოსული ვართ, რომ ხვალინდელ დღეზე ვიმსჯელოთ და თუ ხელშეკრულების პატივისცემა, შესრულება არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება წეროთ ცალკე, თქვენ თვითონ, ჩვენ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: – ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან.

მისივე თქმით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად და მოუსმენს და კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, – აღნიშნა კობახიძემ.