გიორგი ვაშაძე - უმჯობესია, „ქართულ ოცნებაში“ გამოსავალზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ ვიღაცას აიძულონ რამის გაკეთება
პლებისციტი არის ერთ-ერთი კომპრომისული ალტერნატივა, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“, რიგგარეშე არჩევნებს თუ არ თანხმდებიან, მაშინ ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, ჩატარდეს თუ არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამის საპასუხოდ, სიჯიუტის გარდა, არაფერი ესმით „ქართული ოცნებისგან“.
ვაშაძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მზად არიან, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნონ.
„კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ კრიზისს უფრო აღრმავებს. მათ ეგონათ, რომ ამ შანტაჟით ვინმე დაეთანხმებოდათ და პარლამენტში შევიდოდა. რეალურად, რა მოხდა – ოპოზიციამ მკაფიო მოსაზრება დააფიქსირა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს; ზუსტად ვიცი, მკაცრ შეფასებებს მიიღებს „ქართული ოცნება“. მათ მოუწიათ უკან დახევა და ამ პროცესის შეჩერება, რასაც მივესალმები და მოვუწოდებ, სჯობს, გამოსავალზე იფიქროთ, მეგობრებო და არა იმაზე, რომ ვიღაცას აიძულოთ რამის გაკეთება. ხომ ხედავთ, რომ ეს იძულება ვერ ხდება.
ვენეციის კომისიისთვის მიმართვა ნიშნავს გამოსავლის ძიებას „ქართული ოცნებისთვის“, მის მიერვე შექმნილი ჩიხზე უფრო ჩიხური სიტუაცია როგორ განმუხტოს. მათმა სვლამ ოპოზიციის პოზიციაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა და ჩაფლავდა. მივესალმები ამ გამოსავლის ძიებას. არასდროს არ იქნება ჩვენი დასავლური ინსტიტუციების მხრიდან პოზიციური შეფასება ასეთ სადამსჯელო კანონებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
„უფრო და უფრო მეტი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები და უფრო მკაცრი იქნება. „ქართული ოცნება“ თუ გადაწყვეტს, რომ ზეწოლის მექანიზმები გამოიყენოს ოპოზიციაზე და არა მოლაპარაკება, შეთანხმება. დღეს ქვეყანაში არის გაყოფილი ძალიან საზოგადოებრივი პოზიციებიც. ხელისუფლებაში რომ ხარ, უნდა გესმოდეს, რომ შენი ამოცანაა, მიაღწიო შეთანხმებას. ოპოზიცია ამისთვის მზად არის. „ქართული ოცნება“ რას შვრება? ჯიუტად უნდა, სხვადასხვა ბერკეტებით ზეწოლა და წნეხი მოახდინოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.