გიორგი ვაშაძე - თაკო ჩარკვიანის პარტიას საკუთარი სტრატეგია აქვს, პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, არასწორი მგონია ამ დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველას გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ამასთან, ვაშაძის შეფასებით, მედიატორების მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება არასწორია.
„თაკო ჩარკვიანთან მქონდა საუბარი, ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველამ შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. ის არის ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი. მის პარტიას საკუთარი სტრატეგია აქვს, მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას.
ამ დოკუმენტის ყველა პწკარის შექმნაში პირადად მაქვს მიღებული მონაწილეობა და ბევრი იდეა არის ჩადებული, რომელიც პირადად ჩემი იდეაა. იმდენად ძვირფასი დოკუმენტია, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორი მგონია. ეს დოკუმენტი ქმნის საფუძველს იმისას, რომ ჩვენ გვქონდეს დასავლეთის მხარდაჭერა, ხვალ, ზეგ ფინანსური დახმარება არ იქნება ამ ქვეყანაში, თუ არ იქნება კონკრეტული სასამართლო რეფორმები.
ზუსტად ვიცი, როგორ ვიმუშავო ჩვენს დასავლელ პრტნიორებთან ერთად, რომ ამ შედეგებზე გავიდე. მე ვარ შედეგზე ორიენტირებული, როგორც იუსტიციის სახლი დგას შედეგი, ჩემი ცხოვრების პრინციპი არის შედეგი, უნდა დავინახო შედეგი. დღეს მე ვხედავ შედეგს და ამიტომაც ვაპირებ, ხელი მოვაწერო და ვინც ვერ ხედავს შედეგს, გაუმარჯოს თავის გზაზე. არც მაგაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ შევეცდები, რომ ეს შედეგი ყველას დავანახო და დარწმუნებული ვარ, თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ბოლო დოკუმენტი ხელს ვერ უწყობს ძირეულ ცვლილებებს. ჩარკვიანმა მას საჭურისი დოკუმენტი უწოდა. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს დატოვებს, თუ გიორგი ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს.