თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს დატოვებს, თუ გიორგი ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს დატოვებს, თუ გიორგი ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ბოლო დოკუმენტი ხელს ვერ უწყობს ძირეულ ცვლილებებს.

„მე გავეცანი კარგად ამ დოკუმენტს. ჩემი აზრით, ეს არის საჭურისი დოკუმენტი, რომელიც ხელს ვერ უწყობს ძირეულ ცვლილებებს, მართლმსაჯულებას, ეს დოკუმენტი სამომავლოდ უვარგისია იქ, სადაც ჟვანია რჩება, სიტყვაც კი არ წერია ჟვანიასთან დაკავშირებით, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის, არ ჩანს, ვინ გადათვლის და სიტყვაზე ვენდოთ? სიტყვაზე როგორ უნდა ენდო, როცა დოკუმენტი დგება“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება კითხვას, გიორგი ვაშაძე აწერს ხელს დოკუმენტს და რჩება თუ არა თავად გაერთიანებაში, ჩარკვიანი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში გზები გაიყოფა.

„ბუნებრივია, ჩვენ დავრჩებით მეგობრებად, თუმცა მე ვიტოვებ რაღაცა პროცენტს, რადგან მაინც მინდა, კვლავ გადახედოს. რაღაცნაირად მენანება ეს პოლიტიკოსი, სამომავლოდ უფრო ვხედავ მას, რა თქმა უნდა, ძალაუნებურად გაიყოფა გზები, მეგობრებად დავრჩებით.

მე ჩემი პარტია მაქვს, „კანონი და სამართალი“, ორი წლის წინ, ზუსტად იმიტომ შევქმენი, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიგვითითებდნენ – საქართველოში არის სასამართლო კლანი და ოლიგარქიული მმართველობა, და თუ ეს ასეა, მინდა, ეს ყველაფერი შეიცვალოს, მე მინდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამას შემაცვლევინებს ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად. ცხადია, გავაგრძელებ ბრძოლას. გიორგიმ შეიძლება, მოაწეროს ხელი, მაგრამ მე არ მოვაწერ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი ვაშაძის მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ბუნებრივია, ბლოკს დატოვებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მედიატორების მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.