გიორგი ვაშაძე - სჯობს, დანილოვმა თავის საქმეს მიხედოს, ზედმეტი რჩევები არ გვჭირდება, უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს
სჯობს, დანილოვმა თავის საქმეს მიხედოს. მისი მხრიდან ზედმეტი რჩევები არ გვჭირდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, დღეს საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დღესაც თვლის, საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა.
ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
„რაც შეეხება დანილოვს, სჯობს, თავის საქმეს მიხედოს. მისი მხრიდან ზედმეტი რჩევები ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო, დღეს საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. რაც მეტ ასეთ განცხადებებს აკეთებს დანილოვი, თუ ნებისმიერი სხვა, ხომ ვიცით ვისთვისაა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელზე დასახვევი გზავნილები, რომ რაღაც სისულელეებს დაიწყებენ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ადამიანის ამ შინაარსის განცხადებას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ პრორუსული „ქართული ოცნება“, რომლის ამოცანაა, რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს და აბრეშუმის გზის აღდგენის ისტორიული შესაძლებლობა, რაც მოგვეცა, ქართველ ხალხს დააკარგვინოს. ვერც დანილოვი და ვერც ვერავინ ამ გზას ვერ აგვაცდენს. უკრაინელი, ვინც ჩართულია საომარ მოქმედებებში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდეს. შეიძლება, ბევრი სურვილი ჰქონდეს. რაში სჭირდება ეს ყველაფერი, ამაზე საჯაროდ რომ საუბრობს, ნამდვილად არ ვიცი. უკრაინაში ჩასვლას ვაპირებ და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად შევხვდები. მინდა, ამ კაცს ვკითხო, რას შეგვჭამა, რატომ აკეთებს განცხადებებს, რომელსაც პრორუსული „ქართული ოცნება“ მერე ხელზე იხვევს და ამ განცხადებებზე დაყრდნობით შემდგომი თვენახევრის მანძილზე ტელევიზიებით 2 500 სიუჟეტს გაუკეთებს. პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა დანილოვმა. თუ შეხვედრის შესაძლებლობა მექნება უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, მას პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს“, – განაცხადა ვაშაძემ.