გიორგი ვაშაძე მერიასთან აქციაზე სამართალდამცველებს მიმართავს - 31 ოქტომბერს თქვენც აგხსნით ბორკილებს, პოლიციელი ხარ, თუ პროვოკატორი [ვიდეო]
31 ოქტომბერს თქვენც აგხსნით ბორკილებს, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის მერიასთან სამართალდამცველებს სიტყვიერი დაპირისპირებისას და სამართალდამცაველები პორვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
„აგონიაშია ოცნების ფულის მკეთებელთა მთავრობა და იმიტომ იქცევით ასე. სამარცხვინოები ხართ ყველა. 31-ში თქვენც აგხსნით ბორკილებს, რომელიც დაგადოთ ამ ვიგინდარებმა და შეგრცხვებათ თქვენი საქციელის. ნუ პროვოკატორობთ, გაიწიეთ, პოლიციელი ხარ, თუ პროვოკატორი“, – მიმართა სამართალდამცველებს გიორგი ვაშაძემ.
ცოტა ხნის წინ თბილისის მერიასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე იმ ჯარიმების გაუქმებას მოითხოვდნენ, რომლებიც ხელმოწერების შეგროვების მიზნით დადგმული კარვის გამო დაეკისრათ. გიორგი ვაშაძის განმარტებით, კარავში გროვდებოდა ხელმოწერები საბანკო სესხების რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. მისივე თქმით, მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმები ოფისში მისდით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
ამასთან, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კარვები თვითნებურად განათავსა.