თბილისის მერიასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ოთხი პირი
თბილისის მერიასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ოთხი პირი

თბილისის მერიასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე იმ ჯარიმების გაუქმებას მოითხოვდნენ, რომლებიც ხელმოწერების შეგროვების მიზნით დადგმული კარვის გამო დაეკისრათ. გიორგი ვაშაძის განმარტებით, კარავში გროვდებოდა ხელმოწერები საბანკო სესხების რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. მისივე თქმით, მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმები ოფისში მისდით.

აქციის წარმომადგენლები მერიის შენობაში პლაკატის შეტანა უნდოდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს განუმარტეს, რომ შენობაში ბანერის შეტანა არ შეიძლებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს არა ბანერი, არამედ მერიაში შესატანი განცხადების დანართი იყო. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა.

დაკავებულია ოთხი პირი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ შორის არის დეპუტატობის კანდიდატი პაატა მანჯგალაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.