გიორგი ვაშაძე - პრემიერი როგორც კი გავხდები, აზერბაიჯანულ მხარესთან შევთანხმდებით და დავით გარეჯზე არანაირი პრობლემა არ იქნება
გიორგი ვაშაძე - პრემიერი როგორც კი გავხდები, აზერბაიჯანულ მხარესთან შევთანხმდებით და დავით გარეჯზე არანაირი პრობლემა არ იქნება

როგორც კი ქვეყნის პრემიერი გავხდები, აზერბაიჯანულ მხარესთან შევთანხმდებით და დავით გარეჯზე არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არც პროკურატურას ენდობა და არც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მან იცის, როგორ მიაღწიოს აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებას.

„ჩემთვის დავით გარეჯი არის საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა. ჩემთვის ეს არც ჰექტრობით იზომება და არც კვადრატულობით. არ ვაპირებ, რაიმე დათმობაზე წავიდე და ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის დავიცავ. რაც შეეხება სხვადასხვა დოკუმენტს, რაც ვლიდნება, მე პირველივე დღიდან ვთქვი, უნდა შეიქმნას საერთო სახალხო კომისია, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები, სხვადასხვა მხარე, რათა სიმართლე დადგინდეს და არ იყოს ნებისმიერი სპეკულაციური მოქმედება, რაც დღეს ხდება. ვინმე ენდობა პროკურატურას? მე არც რუსეთის მოქალაქე გახარიას ვენდობი. არ ვიცი, პრემიერობის ბოლო კვირებში  ამ საკითხთან დაკავშირებით რა დავალება აქვს მიღებული. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე გამოძიება, ეს არის ჩემი ისტორია, ჩემი კულტურა და არ ვაპირებთ, დავთმოთ. პირიქით, როგორც კი ქვეყნის პრემიერი გავხდები, აუცილებლად მოვიძიებთ შეთანხმებას, შევთანხმდებით აზერბაიჯანულ მხარესთან და დავით გარეჯზე არანაირი პრობლემა არ იქნება. არ ვიცი, რა ხდება, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ჭორბიუროს საგანი, მით უმეტეს სახელმწიფო ტერიტორიები ასეთ ზედაპირულ შეფასებებს არ იმსახურებს. დავით გარეჯი საქართველოა და აუცილებლად მივაღწევთ ამ შეთანხმებას, ისიც ვიცი, როგორ უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.