გიორგი ვაშაძე - „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ძალა უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ძალა უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ბანერთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
„მივმართავ ირაკლი კობახიძეს და დამსხვრეული ოცნებების პარტიას: ისინი შმატრიოტები კი არ არიან, როგორც თქვენ მათ დღეს უწოდეთ, არამედ ანტიდასავლური და ანტიეროვნული ძალა, რომელთანაც იმყოფებით ალიანსში წლებია.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოთ მათი კრემლთან კავშირები და ფინანსური წყაროები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ბანერი ამ დროისთვის ჩამოხსნილია.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.