ირმა ინაშვილი - აჭარაში თურქეთის მხრიდან ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ, დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და საქართველო
ირმა ინაშვილი - აჭარაში თურქეთის მხრიდან ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ, დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აჭარაში განთავსებულ პარტიის ბანერებთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს პასუხობს.

საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ინაშვილის განცხადებით, თურქეთის მხრიდან აჭარაში ხდება იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია და ეს ქმედებები მზარდია.

„ბანერი ამ ფორმით იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ აქცენტი კეთდება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაზეც ვსაუბრობთ უკვე ბოლო ათი წელია. ეს არის აჭარაში იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია, სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ბანერი გადმოსცემს, რა პრობლემებია დღეს აჭარაში. მკაფიოდ ვამბობ, აჭარაში ხორციელდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. ეკონომიკურ ექსპანსიაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მნიშვნელოვანი ნაგებობა და ბიზნეს დაწესებულებები, კომპანიები აჭარაში ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს. თურქეთის სახელმწიფო აჭარაში ხსნის წამგებიან ბიზნესებს იმისთვის, რომ იქ მოიკიდოს თურქულმა ბიზნესმა ფეხი და აჭარაში ვერა და ვერ გაიხარა ქართულმა ბიზნესმა. როცა ვსაუბრობ იდეოლოგიურ ექსპანსიაზე და ეს აქცენტირებაა ამ პლაკატზე გაკეთებული, აქ ვგულისხმობ მარტივს მაგალითს: აჭარაში გახსნილია თურქული ბაღი, სკოლა, რომელიც არ ექვემდებარება საერთოდ საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს განათლების სტანდარტებს.

კიდევ ბევრი საფრთხე და გამოწვევაა აჭარაში და ამ პლაკატით სწორედ ამ თემაზე გვინდა, რომ მივაპყროთ ყურადღება და საზოგადოებამ მიაპყროს ყურადღება. ჩვენ გვახსოვს დავით-ოღლუს, ერდოღანის განცხადებები; ისინი საუბრობენ ახალ ოსმალეთის იმპერიაზე. არის მთელი რიგი რუკები, სადაც იგივე აჭარა, გურია სამცხე-ჯავახეთი მოქცეულია ახალი ოსმალეთის ფარგლებში. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. მკაფიოდ ვხედავთ აჭარაში თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს. ამ წლების განმავლობაში ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ – დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა ინაშვილმა.