გიორგი ვაშაძე - ორთვიანი ეპოპეა, შემოვა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, უნდა დასრულდეს
იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო ჯამში ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ორთვიანი ეპოპეა, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, უნდა დასრულდეს. როცა შემოდიხარ, მაგრამ დოკუმენტს არ აწერ ხელს, ანუ რა? იმ რეფორმების განხორციელებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ? თუ აი, რას ნიშნავს? საბავშო ბაღში ხომ არა ვართ, სახელმწიფოა. ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური პარტიები ვართ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. სრულფასოვნად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და არა სანახევროდ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც პარტიის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში.