გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, ვიმსჯელო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას შედეგისთვის
პოლიტიკური კრიზისი არსად წასულა. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, ეს შეიძლება, იყოს მსჯელობის საგანი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა მოსდევს თითოეულ ნაბიჯს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის წინააღმდეგია გეგმის გარეშე, ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებების.
„პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არის გაფორმებული, არსად წასულა. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, ეს შეიძლება, იყოს მსჯელობის საგანი, მე არაფერს გამოვრიცხავ ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა მოსდევს თითოეულ ნაბიჯს. რაღაც ნაბიჯს რომ ვდგამთ, რა შედეგზე გავალთ და არა ის, რომ გადავდგი ნაბიჯი და მეორე დღეს არანაირი ბერკეტი, მექანიზმი არ მაქვს ხელში.
ყოველთვის წინააღმდეგი ვარ სტრატეგიის, მიზნის, გეგმის გარეშე ემოციურად გადაწყვეტილებების მიღების, რომელიც საბოლოო ჯამში, უფრო დიდ ჩიხში გვაყენებს. ვფიქრობ, იმისთვის, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ საზოგადოების მხრიდან, ვიდრე ეს იყო თუნდაც წინა არჩევნებზე ან იმის წინა არჩევნებზე, ჩვენ გვჭირდება მუშაობის უფრო ფართო ფრონტი. არა ჩაციკვლა მხოლოდ ერთ თემაზე, არამედ რეალური სარგებელი ვაჩვენოთ ხალხს, რას ვთავაზობთ ჩვენ განსხვავებულს. სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზისი არ შემცირდება და ოპოზიციის მხარეს არ გაიზრდება.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერავინ დააბრალებს არათანმიმდევრულობას. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მივდივართ გეგმაზომიერად და ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად. არც ერთ შემთხვევაში ხან ერთ ნაბიჯს და ხან მეორეს ჩვენ არ ვდგამთ. ამიტომ ჩვენეული ხედვა წარდგენილი გვაქვს, რომელიც არის 7-პუნქტიანი, მათი არის-10 პუნქტიანი. მზად ვარ, ვიმსჯელო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას შედეგისთვის და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ჰაერში დავრჩეთ და არაფერი აღარ იყოს.
აქციებიც, საპარლამენტო მექანიზმებიც და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების კომპექსი მოიტანს მეტ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან. ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განვიხილავ, თუმცა ბოიკოტი არის ჩვენი მექანიზმი, რომელიც გვიჭირავს ხელში, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ვართ ყოველთვის თანმიმდევრულები. ერთ დღეს ბოიკოტში და მეორე დღეს ბოიკოტიდან გასული „სტრატეგია აღმაშენებელი“ არავის უნახავს. თუ ვართ ბოიკოტში ვართ სრულფასოვნად ბოიკოტში, თუ არა ვართ ბოიკოტში, არა ვართ. უნდა დავინახო, კონკრეტულად რა შედეგზე გავალთ. ვფიქრობ, მომავალი წლიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაჩნდება, მათ შორის პოლიტიკაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.