გიორგი ვაშაძე - მივესალმები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი კანდიდატების დასახელებას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა
გიორგი ვაშაძე - მივესალმები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი კანდიდატების დასახელებას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა

ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საკუთარი ხედვა და საკუთარი გადაწყვეტილება, მორჩა და დამთავრდა, ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ჩვენი ხედვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მივესალმები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკუთარი კანდიდატების დასახელებას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა. ვმუშაობთ მოქალაქეებთან, გვაქვს აღმშენებლობის სტრატეგია და სწორედ აღმშენებლობის სტრატეგიის რეალიზებისთვის, სწორედ ქვეყანაში კრიმინალისა და სიღარიბის დამარცხებისთვის ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენ გვექნება ყველაზე მეტი ოპოზიციური ხმის მხარდაჭერა ამ არჩევნებში. ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რათა მოვახდინოთ დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის ჩანაცვლება ერთხელ და სამუდამოდ.
ჩვენი მთავარი ოპონენტები არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ხალხის საკეთილდღეოდ, მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ საკუთარ თავზე, საკუთარ კმაყოფაზე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხალხი გადაწყვეტს, ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ძალიან მარტივად. მე ვაპირებ, ვიარო კარდაკარ ისევე, როგორც დავდივარ დღეს, დავუდგე ხალხს გვერდში და რაც მთავარია, დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი, ხოლო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.

„ყველა ერთმანეთის კონკურენტი ვართ, მაგრამ არჩევანი არის – აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საკუთარი ხედვა და საკუთარი გადაწყვეტილება, მორჩა და დამთავრდა. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ჩვენი ხედვა. ამას ვამბობდით, რომ ყველამ დაასახელოს პრემიერობის კანდიდატურა და ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის საუკეთესო, ვინ არის ის, ვინც მოიტანს კეთილ მომავალს ამ ქვეყანაში, ვინც დაიწყებს აღმშენებლობას, ამიტომ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. კი ბატონო, სხვებმაც დაასახელონ. პრემიერობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ რა გეგმით მოდიხარ, რა სტრატეგიით მოდიხარ, რის გაკეთებას აპირებ, როგორ აპირებ კრიმინალისა და სიღარიბის დამარცხებას. ჩვენ ამ კითხვებზე დეტალურად ვცემთ პასუხებს. ასე უნდა გააკეთოს სხვამ ყველამ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.