გიორგი ვაშაძე - დავით კირკიტაძე არის უკანონო პატიმარი
გიორგი ვაშაძე - დავით კირკიტაძე არის უკანონო პატიმარი

ჩვენ გუშინ შეზღუდვებს დავემორჩილეთ, დღეს კი მტკნარ სიცრუეს ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია.

„მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ კირკიტაძე. ის არის უკანონო პატიმარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქმედება გუშინ იყო კანონგარეშე. ჩვენ შეზღუდვებს დავემორჩილეთ, დღეს კი მტკნარ სიცრუეს ამბობს შსს. ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოეცათ და ჩვენთვის ეცნობებინათ, თუ გზას კეტავდნენ. იქ დაგვხვდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები. მათ არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობდა ჩვენი არშეშვების არანაირი კანონიერი გზა. ესაა პროვოკაცია, ისევე, როგორიც ახალქალაქსა და ონში მოგვიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციები. როგორც ის ფაქტები გამოიძიეს, ისე დაადგენენ სიმართლეს ახლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. შსს-მ დავით კირკიტაძის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეოკადრებიც გაავრცელა. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.