გიორგი ვაშაძე - დაუმტკიცონ რომელიმე ოპოზიციონერს, რომ კავშირი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლასთან, ოპოზიციაზე ამის გადაბრალება მუცლით მეზღაპრეობაა
გიორგი ვაშაძე - დაუმტკიცონ რომელიმე ოპოზიციონერს, რომ კავშირი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლასთან, ოპოზიციაზე ამის გადაბრალება მუცლით მეზღაპრეობაა

პირველი, ძალიან მძიმე ფაქტია, რომ მართლაც ასეთი ადამიანური შეცდომა მოხდა „ისფედში“, მეორე- ძალიან ცუდია, რომ ამის შესახებ გვიან გავიგეთ ჩვენ და ვფიქრობ, ამაზე სრული დასაბუთება მივიღეთ დღეს და შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებს „ისფედის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე ამბობს, არჩევნების გაყალბებასთან დაკვაშირებით არგუმენტაცია მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებზე არ იყო დამყარებული, არამედ მათ თავისი მტკიცებულებები გააჩნიათ.

რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის განცახდებას, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, ამასთან დაკავშირებით ვაშაძე ამბობს, რომ მან არ იცის ამ მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ სერბეთის მსგავსად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დროზე ადრე ჩატარდება.

„ჩემთვის ეს მიმართულება პრობლემებისა გარკვეულწილად აღმოფხვრილია, ვიმედოვნებ, შეცდომების თვალსაზრისით, მომავალში მსგავსი პრეცენდენტი არ მოხდება.

რაც შეეხება ჩვენს არგუმენტაციას, ის არასდროს არ იყო დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ „სამართლიან არჩევნებზე“, ჩვემ ჩვენი მტკიცებულებები გვაქვს გაყალბებებთან დაკავშირებით, ის ასობით საჩივერი, გადათვლასთან მიმართებით, რომელიც არ დააკმაყოფილეს მათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება სერბეთთან კავშირს, არ ვიცი, იქ სხვანაირად ითვლიან, აქ სხვანაირად, თუმცა სერბეთის მსგავსად, ჩვენთან დროზე ადრე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

ალბათ, სადაც ყველაზე ბოლოს ჩატარდა არჩევნები და განახლებული იყო ის პროგრამა, როგორც ჩანს, ის გამოიყენეს. ამ ტექნიკურ დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ ეს შეცდომა მოხდა. ამის შესახებ ამდენი ხანი არ ვიცოდით და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდობლობა უნდა გამოუცხადოთ ამ ორგანიზაციას, პირიქით, წლებია, მათ საკმაოდ მაღალი სტატუსი აქვთ და ამას ჭირდება გაფრთხილება.

ის, რომ ჩვენ ყველას გვისმენენ და ჩვენ კონტროლის ქვეშ ვართ, ეს ხომ ვიცით. ახლა ამისთვის არსებობს ასეთი ორგანო სუს-ი, რომ გვითვალთვალოს,  გვისმინოს. ეს ხომ ამ შეცდომას არ გამორიცხავს.  კი ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ამაზეც გამოძიება უნდა მოხდეს და ეს შედეგებიც დაიდოს, მაგრამ ჩვენ ხომ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც გამოძიება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პროკურატურა თუ პოლიცია, სუს-ი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ამიტომ, კონტრარგუმენტად, რომ ვიღაცას უსმენენ თუ არა, ეს საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ამიტომ დავანებოთახლა ისფედს თავი. მათ დაადგინეს თავისი შეცდომა, ბოდიში მოიხადეს ამაზე. გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს ქვეყანაში. ოპოზიციაზე ამის გადაბრალება მუცლით მეზღაპრეობაა და „ქართულ ოცნებას“ ეს ახასიათებს. წავიდნენ და დაუმტკიცონ რომელიმე ოპოზიციონერს, რომ კავშირი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლასთან, ეს ხომ აბსურდია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.