გიორგი ვაშაძე - ბრიუსელში ვიზიტის შედეგები ძალიან მძიმე იყო, არ მეგონა, თუ ასეთი დამძიმებული იქნებოდა ვითარება, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დასავლეთში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებას, რომ მათ რეალურად სურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მზად არიან რეკომენდაციების შესასრულებლად.
ვაშაძის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოში დეკემბერში აღარ ჩამოდის შეფასების მისია.
„ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ვერ ხედავენ მთავარს, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ ნებას, რომ მას რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის მზად არის, 12 პუნქტი შეასრულოს. პირიქით, გაცილებით მძიმეა ვითარება. დასავლეთზე თავდასხმები, ომში დადანაშაულება, სიცრუის დიდი მანქანა რაც არის, გინდათ მოსმენების კანონი, ვეტოს გადალახვა, ინიციატივები, რომლებიც წარდგენილია პარლამენტში, ყველაფერი არის უბრალოდ ფარსისთვის გაკეთებული, ამას კარგად ხედავენ და სამწუხაროდ, იმიტომ ხდება, რომ დეკემბერში აღარ ჩამოდის შეფასების მისია.
„ქართულ ოცნებას“ დაუსვით კითხვა, რატომ არ ჩამოდის შეფასების კომისია, იმიტომ, რომ არ არის არანაირი პროგრესი. თებერვალ-მარტში აპირებენ ჩამოსვლას, ოღონდ დამატებითი საკთხებია წამოსული. უბრალოდ კანონის მიღება კი არა, არამედ პროცესს უნდა დააკვირდნენ. „ქართულ ოცნებასთან“ უნდობლობა იმხელა არის, რომ აქამდე მიიყვანეს. დღეს რომ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ესეც „ქართული ოცნების“ ბრალია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სხვა პარტნიორ პარტიებთან ერთად, ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? გადადგა ნაბიჯები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ვიდრე ამას არ გავიაზრებთ, წინ ვერ წავალთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ გიორგი ვაშაძე სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ვაშაძის თქმით, სააშკარაოზე ჩანს ყველაფერი, რა არის ანტისახელმწიფოებრივი და პირიქით.
„ქართული ოცნებისთვის“ ანტისახელმწიფოებრივია, როცა ევროკავშირის კანდიდატის მხარდაჭერაზე ჩვენი დაწერილი რეზოლუცია ჩვენ მივაღებინეთ, ხოლო სახელმწიფოებრივია, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მსგავსი ნაბიჯიც კი არ გადადგა საკუთარ პარტიულ ოჯახთან. ანრი ოხანაშვილისთვის ალბათ ანტისახელმწიფოებრივი არის, როცა ჩვენ მაგალითად, მოგვიწოდა მთელმა დასავლეთმა სამოქალაქო სექტორთან შეთანხებული დოკუმენტის გამოქვეყნება, პირიქით, სახელმწიფოებრივია, როცა სამოქალაქო სექტორს მტრად აცხადებ, დასავლეთს თავს ესხმი, ევროკავშირის ელჩს მთავარ მტრად ასახელებ, ამერიკის ელჩს მტრად ასახელებ. ყველაფერი ჩანს სააშკარაოზე, გულწრფელად ძალიან მძიმე იყო ამ ვიზიტის შედეგები და არ მეგონა, რომ ასეთი დამძიმებული იქნებოდა ვითარება. აი, მურისიძის იუსტიიცის უმაღლეს საბჭოში დანიშვნა მისთვის არის სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ჰკითხეთ ანრი ოხანაშვილს, არის თუ არა სახელმწიფოებრივი, იტყვის – კი. ეს არის ამ ადამიანების მარტივი ტესტი, რას აკეთებენ რეალურად საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს იმყოფებოდნენ. ვიზიტთან დაკავშირებით მათ გუშინ ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.