გიორგი ვაშაძე - არ ვიცი, საქართველოშია თუ არა სააკაშვილი, ალბათ რამდენიმე საათში ყველაფერი გაირკვევა, ბადრი ესებუა კი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება თუ -არა.
„ნამდვილად არ ვიცი, საქართველოში არის, თუ – არა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული.
„რაც შეეხება მთავარ საკითხს, ესაა რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევნების გზით შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს მთავარი ამოცანაა, რაც ჩვენ გვაქვს. „მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია იყოს ამ ქვეყანაში. არც ერთ შემთხვევაში არეულობას არ დავუშვებთ. წყნარად, მშვიდად დავიწყებთ ხელისუფლების ცვლილების პროცესს. დანარჩენი, ვინ საქართველოშია, ვინ არ არის საქართველოში, ვინ როდის ჩამოვა, თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ „მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს რესურსი, მასტაბილურებლის ფუნქცია შეასრულოს ნებისმიერ ვითარებაში.
პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ან ვინმეს უნდა, დააშინოს ხალხი დესტაბილიზაციით, მშვიდად, წყნარად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდეს. რომ არ გადაიფაროს ყველა თემა, უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენ ხომ სერიოზული ხალხი ვართ, არ შეიძლება, ვიმარჩიელოთ, ასე იქნება, თუ ისე იქნება. ალბათ, რამდენიმე საათში ყველაფერი გაირკვევა, საქართველო არ არის იმხელა სახელმწიფო. ბადრი ესებუა კი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ბადრი ესებუასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, ელემენტარულად სახეზე ცნობით მაინც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.