გიორგი ვაშაძე - ამნისტია ძალიან სათუთი საკითხია, ინიციატვებით გამოსვლამდე, ამას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება
ამნისტია ძალიან სათუთი საკითხია, ინიციატვებით გამოსვლამდე, ამას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გირჩის“ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს, რომელ მოვლენებს შეეხება ამნისტია, იქნება ეს 7 ნოემბერი, 26 მაისი თუ სხვა.
„ამნისტია არის ძალიან სათუთი საკითხი. სანამ ინიციატივებით გამოვალთ, ამას სიღრმისეული გაანალიზება და მსჯელობა სჭირდება. ამიტომ გულწრფელად გეტყვით, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უფრო განვითარებისა და მომავლისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი, ვიდრე მუდმივად წარსულში ქექვა იყოს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების და საზოგადობის ცხოვრების ნაწილი. ამაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა იყოს და უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ პერიოდს შეეხება – ეს იქნება 7 ნოემბერი, 26 მაისი თუ ა.შ. 20 ივნისთან დაკავშირებით არის დასავლეთის შემოთავაზება და ეს საჯაროდ იყო განხილული ერთი თვის მანძილზე. ამიტომაც მოვაწერეთ ამას ხელი. სხვა საკითხები ჯერ არ განხილულა და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, მისაღები იქნება თუ არა მისთვის ამ მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისთვის მზად არ არის.
„გულწრფელად გეტყვით, რომ ახლა ნამდვილად არ ვარ მზად, ამას პასუხი გავცე, იმდენად რთული საკითხია. მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვისაც ძალიან აღელვებს ეს საკითხი. ამიტომ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, ასე ზედაპირულად ამ საკითხების კომენტირება“, – აღნიშნა მან.
7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.