გიორგი ვაშაძე - ამერიკის ელჩი მეტად ზრუნავდა საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, შეაფერხონ ევროინტეგრაცია
გიორგი ვაშაძე - ამერიკის ელჩი მეტად ზრუნავდა საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, შეაფერხონ ევროინტეგრაცია

ამერიკის ელჩი მეტად ზრუნავდა საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზა და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს კითხვა დაუსვეს კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში. ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ“.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, ეთანხმება ელჩს იმაში, რომ 12 რეკომენდაცია არის არა ევროკავშირისთვის, არამედ თავად საქართველოსთვის.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის. ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ საჭირბოროტო საკითხში, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებდა. მისი ელჩობის პერიოდში ამერიკის მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა საქართველოს სოფლებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის, ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლისთვის. ჯანდაცვის, სოციალური და დემოკრატიის განვითარების კუთხით უამრავი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა კოვიდის პერიოდში მის ძალიან აქტიურ ჩართულობას. მათი მუშაობა რომ არა, კიდევ უფრო დაგვიანდებოდა საქართველოში ტესტების თუ ვაქცინების მოწოდება. მილიარდების მიღებაში, რომელიც საქართველომ კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო, მას ძალიან დიდი წვლილი, როლი აქვს.

ელჩი არაერთგზის შეეცადა, მძიმე პოლიტიკური კრიზისების თვალსაზრისით, პროცესი გადაჭრის გზისკენ წასულიყო, მაგრამ როდესაც მეორე მხარე გყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით, ამერიკის ელჩი ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ რომ პატრიოტი ხელისუფლება გვყოლოდა და არა რუსული ინტერესების გამტარებელი, დარწმუნებული ვარ, ხელს მოვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამერიკიდან მეტ ინვესტიციას შემოვიტანდით. თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით გაცილებით დიდი რეალიზება იქნებოდა შესაძლებელი, ელჩი ნამდვილად არ დაიხევდა უკან და მხარს დაუჭერდა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამერიკის ელჩი მეტად ზრუნავდა საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზა და პირდაპირ რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან. ეს ძალები და ეს ძალა არის „ქართული ოცნება“, რომლისგანაც იმართება თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიები. პირადად კელი დეგნანიც არაერთხელ იყო თავდასხმის ობიექტი „ქართული ოცნების“ წევრების, მათი ტროლ-ბოტების, მათი სატელიტების მხრიდან იმის გამო, რომ ის იბრძოდა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქეებს გვეხმარებოდა, ნათლად დაგვენახა, სად იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა და სად – ნამდვილი ეროვნული ინტერესების შესაბამისი მოქმედება.

ასევე, ელჩს დავეთანხმები, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს ევროკავშირისთვის კი არ უნდა, არამედ საქართველოსთვის გვჭირდება. ომის თუ სხვა დეზინფორმაციული კამპანიები, რომელსაც ერთი ერთში იმეორებს კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე, არის „ფეესბეში“ დაწერილი. ეს არაერთხელ უთქვამს კელი დეგნანსაც. „ფეესბეში“ დაწერილი მესიჯებით როცა საუბრობ, რუსულ ინტერესებს ატარებ. რუსული ინტერესები საქართველოს ინტერესებთან კავშირში რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის.

კელი დეგნანი და მისი აქტიური მუშაობა რომ არა, ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ცუდ და მძიმე ვითარებაში იქნებოდა. ხელისუფლებაში გვყავს ძალა, ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილების დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შენი მეგობარია, მტრად აქციოს. პირიქით, ამერიკის ელჩს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან, მასზე პერსონალური თავდასხმების მიუხედავადაც კი, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა. როგორც კი მოვიცილებთ რუსულ „ქართულ ოცნებას“, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას მყისიერად მივცემთ იმ დიდ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ასე სურთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.