კელი დეგნანი - ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ
კელი დეგნანი - ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ მტკიცე მხარდაჭერას, მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აქვთ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა განსწავლულია და შეუძლია, გაარჩიოს პროპაგანდა სიმართლისგან, სიმართლე – კონსპირაციისა და ტყუილისგან.

„ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, რატომ ამბობენ ეს ადამიანები იმას, რასაც ამბობენ, არ აქვთ ფაქტები, არ ფლობენ ინფორმაციას? თუ სხვა მოტივები ამოძრავებთ და რა მოტივებია ამის მიღმა? ეს იქნებოდა კითხვები, რეალურად რაც უნდა დავსვათ. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, წამყვანი ლიდერები დისტანცირებას ახდენენ იმ განცხადებებისგან კერძო შეხვედრების დროს, რომლებიც დამაზიანებელია, ჩვენ შორის ურთიერთობების შესუსტებაზეა გათვლილი. ეს არ ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვქონდა 30 წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, ეკონომიკის გაძლიერებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას. თუ იქნება გარემო პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც ცდილობს, დააბნიოს, გაყოს ხალხი, ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვანზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში არის, დარჩეს ევროპის გზაზე.

„თუ მიმოვიხედავთ და შევხედავთ ევროპას, კონკრეტული სარგებელი მშპ-ის ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი, გაუმჯობესებული განათლება და გაზრდილი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის, ეს არის, რაც ევროპაში შესვლას მოაქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. საქართველოს ორიენტაციაც საუკუნეების განმავლობაში ევროპისკენ იყო, წამიკითხავს თქვენი ლიტერატურა, გავცნობივარ თქვენს ისტორიას და უფრო ნათელია ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა – ეს საქართველოს კულტურის ნაწილია. არ არის ეს ახალი, საუკუნეების განმავლობაში იყო, არ არის თავზე მოხვეული საქართველოსთვის, ეს მომდინარეობს საქართველოს ისტორიიდან და ტრადიციიდან. ევროკავშირის ნაწილად ყოფნა კი ნიშნავს თქვენი ტრადიციების, თქვენი კულტურის მეტ დაცვას, ამას ნახავთ კიდეც, როგორც კი ესტუმრებით ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს, თუ რამდენად კარგად არის დაცული მათი მდიდარი ტრადიციები და ისტორია. არ არის ნამდვილად ეს რისკის ქვეშ, საქართველოს ეკლესია, საქართველოს უნიკალური, შესანიშნავი კულტურა, მისი ტრადიციები განაგრძობენ არსებობას და უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში. ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა, შეინარჩუნოს ყურადღება იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბებიან და იქნებიან ორიენტირებული საქართველოს საუკეთესო ინტერესებზე, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ამის გაგრძელების ნახვა. აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებთ სიღრმისეული სიყვარული რწმენის, ოჯახის, თავისუფლებისადმი და ეს არის ორივე კულტურის ფუნდამენტური ნაწილი.

„ამერიკელები რატომ გრძნობენ თავს ასე კომფორტულად საქართველოში, თითქოს შინ არიან, ან ქართველები ამერიკაში? ზუსტად ამიტომ, მტკიცე ორიენტაცია ევროპისკენ აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერი თავისუფლების მოყვარული, დემოკრატიისკენ სწრაფვის მქონე ადამიანი, საზოგადოება მსოფლიოში ამით არის განმსჭვალული. ევროკავშირის 12 რეკომენდაცია არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის თავად საქართველოსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო წარმატებას მიაღწევს.

„საქართველოს მოქალაქეებს ეს დნმ-ში აქვთ, მათ სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება. ერთ-ერთი ბირთვი, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან, არის ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. სუვერენიტეტი კი ნიშნავს კულტურისა და ისტორიის და ტრადიციების დაცვას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეძლოს ეს, ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემთ არა მხოლოდ იმას, რაც თქვენ შეასრულეთ 30 წლის განმავლობაში, არამედ იმას, რაც შეასრულეთ 26 საუკუნის განმავლობაში“, – განაცხადა ელჩმა.