გიორგი ტუღუში - თუ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ დაბრუნდება, შეიძლება, რუსეთის მხრიდან უარესი გართულებებიც ვიხილოთ
თუ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ დაბრუნდება, შეიძლება, რუსეთის მხრიდან უარესი გართულებებიც ვიხილოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ყველა მიმართულებით.
„ბოლო პერიოდში რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურებულია, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეგვიქმნას და კიდევ უფრო დააზიანოს ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის მონაგარი ბოლო წლების, როდესაც საქართველო გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რადგან არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე ოკუპაცია აღარ განიხილება. რუსეთი დატოვებულია სრული თავისუფლების პირობებში. იგი არ იხდის არა მხოლოდ არანაირ პოლიტიკურ ფასს, არამედ საფრთხეც არ არის, რომ ვინმე ამაზე შენიშვნას მისცემს. ნუ გვიკვირს, რაც ხდება ქვეყანაში, ბორდერიზაციისა და მოქალაქეების გატაცების თვალსაზრისით. თუ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ დაბრუნდება, შეიძლება, რუსეთის მხრიდან უარესი გართულებებიც ვიხილოთ“, – განაცხადა ტუღუშმა.