გიორგი თოდუა - თხილის წლიური მოსავლის გაორმაგება და ერთ მილიარდ ლარამდე შემოსავლის მიღება სავსებით რეალურია და არ არის მხოლოდ ამბიციური გეგმა
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია თხილის წლიური მოსავლის 100 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს, რაც ქვეყნას დაახლოებით ერთ მილიარდი ლარის შემოსავალს მოუტანს, – ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კაკლოვანი კულტურების ბაზარი და საექსპორტო პოტენციალი განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან კაკლოვანი კულტურების ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში შვიდი პროცენტით შემცირდა, თუმცა კლება ძირითადად კაკალის ხარჯზე მოდის. რაც შეეხება თხილს, 2019 წლის 11 თვეში საქართველოდან 54.7 მილიონი დოლარის თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ცხრა პროცენტით აღემატება. ექსპორტზე ძირითადად ნაჭუჭგაცლილი თხილი გადის.
გიორგი თოდუას განმარტებით, წინა წლებთან შედარებით რაოდენობის გარდა თხილის ხარისხიც საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, ერთი კილოგრამი თხილის გული ხარისხის მიხედვით 17-18 ლარი, ერთი კილო გაუტეხავი თხილი კი 6-8 ლარი ღირს. თუმცა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა წინა წლებთან შედარებითი ანალიზის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავა, რადგან თხილის მოსავალი სრულად ამოყიდული არ არის და საბოლოო მონაცემები 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც თხილის მთელი მოსავალი გასაღდება. რაც შეეხება ფასის პროგნოზს, ის მსოფლიო ბაზრის ტენდენციაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება ფასებს, ძალიან რთულია გამოთვლა მსოფლიო ბაზარზე ფასი მოიმატებს თუ დაიკლებს. პრაქტიკიდან გამომდინარე, ტრადიცულად, ახალ წლამდე დეკემბერ-იანვარში ფერმერების მხრიდან თხილის რეალიზება იზრდება. თუ წინა წლებს შევადარებთ, გაუტეხავი თხილის ექსპორტი 20 ათას ტონაზე მეტია, რაც 120 მილიონ ლარს აღემატება, თუმცა პოტენციალი გაცილებით მეტია. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 40 ათას ტონაზე მეტი პროდუქციაა მიღებული, თუმცა ფერმერები ნებაა როდის გაიტანენ თხილს ბაზარზე“, – განაცხადა თოდუამ.
მისი თქმით, თხილის ხარისხის გაუმჯობესება ე.წ. თხილის გადარჩენის პროექტის დამსახურებაა, რომელიც 2016-2018 წლებში ფაროსანას და რიგი სოკოვანი დაავადებების გამო თხილის მოსავლის მკვეთრი კლების გამო შეიქმნა.
„მე არ დავკონკრეტდები 2016, 2017, 2018 წლებში რაც იყო ფაროსანას და სხვა დაავადებების გამო, მაგრამ თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში იმ ფერმერებმა, ვინც ასოციაციაში გაწევრიანდა და გამოგვყვა, მათი პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი გაცილებით უკეთესია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სხვადასხვა აუცილებელი აგროღონისძიებები, როგორიცაა შეწამვლა, სხვლა და ა.შ. ჩაატარეს. ამ დროისათვის, პროგრამა მაქსიმუმი თითქმის სახეზე გვაქვს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თხილის გადარჩენასა და განვითარებაზე მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასოციაციაში ფერმერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და დღეის მდგომარეობით, 15 ათასზე მეტი ფერმერია გაწევრიანებული. ჩვენ დამატებითი ჯგუფების შექმნას ვაპირებთ და ალბათ გავორმაგდებით“, – განაცხადა თოდუამ.
რაც შეეხება თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ამბიციურ გეგმას წელიწადში 100 ათასი ტონა თხილის მოსავლისა და ერთი მილიარდი ლარის შემოსავლის მიღების შესახებ, თოდუა თვლის, რომ ეს გეგმა რეალურ პოტენციალს ეყრდნობა.
„პოტენციალი რეალისტურია და არა მხოლოდ ამბიციური გეგმა. იმედიან განწყობას ის ფაქტი გვინარჩუნებს, რომ ფერმერები დარწმუნდნენ, რომ გარკევული შრომის შედეგად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება სავსებით შესაძლებელია. ხარისხთან ერთად რაოდენობაზეცაა საუბარი. გაორმაგება აბსოლუტურად რეალისტურია. თუ დღეს ჰექტარზე საშუალოდ ერთი ტონა მოსავალს ვიღებთ, სულ მცირე ორ ტონამდე ზრდა შესაძლებელია. დღეს თხილი 70 ათას ჰექტარზეა გაშენებული და ყველაზე მეტი 2-3 წელიწადში სულ მცირე 100 ათას ტონა პროდუქციაზე შეგვიძლია გავიდეთ, რაც მილიარდი ლარის და მეტის შემოსავალს ნიშნავს“, – განუცხადა გიორგი თოდუამ „ბიზნესპარტნიორს“.