გიორგი თხელიძე - 2020-2021 წლებში ქართული საფონდო ბირჟის განვითარება დაჩქარდება
საქართველოში 2020-2021 წლებში საფონდო ბირჟის განვითარება დაჩქარდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ წვრილი ინვესტორებისთვის, როგორიც მცირე მეწარმე, მცირე ბიზნესი თუ რიგითი მოქალაქეა, კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციები საკმაოდ ძვირია.
გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა, დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ სასურველია, ქართულმა კომპანიებმა საფონდო ბირჟაზე აქციებიც გაყიდონ, რაც წვრილი ინვესტორებისთვის გაცილებით იაფი და მომგებიანი ინვესტიციაა, რადგან აქციის მყიდველი კომპანიის მოგებიდან მიიღებს წილს. გარდა ამისა, რადგან აქციების განთავსებით კომპანია საკუთარ საქმიანობას საზოგადოების წინაშე გამჭვირვალეს ხდის, აქციების ბაზრის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციის დონეს აამაღლებს.
„თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილის მოსაზრებით, სწორედ ობლიგაციების გამომშვები კომპანიები განათავსებენ ქართულ საფონდო ბირჟაზე აქციებს.
„აქციების შეძენის დროს ნდობის ხარისხი ალბათ უფრო მაღალი უნდა იყოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კომპანიები, რომლებიც დღეს ობლიგაციების კუთხით აქტიურად მუშაობენ, ან უკვე გამოშვებული აქვთ სასესხო ობლიგაციები, არიან ყველაზე ძლიერი კანდიდატები, რომ საფონდო ბირჟაზე აქციები გაიტანონ, რადგან ობლიგაციებისა და აქციების განთავსების კუთხით კომპანიების მიმართ არსებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. იგულისხმება ემისიისთვის კომპანიის მომზადება, კორპორატიული მართვა, ფინანსური ანგარიშგება. ამიტომ ჩვენი აზრით, ეს კომპანიები იქნებიან პიონერები, ვინც საფონდო ბირჟის განვითარებით ისარგებლებენ, რაც ამ ეტაპზე, მაღალი ტემპით არ მიმდინარეობს. თუმცა ვფიქრობთ, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც მომდევნო წლებში, ვგულისხმობ 2020-2021 წლებში ბირჟის სერიოზულ ზრდას გამოიწვევს“, – განაცხადა თხელიძემ.
საბროკერო კომპანიის „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორის მერი ჩაჩანიძე კი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი სტიმულის მიმცემი ფაქტორი საპენსიო ფონდია, რომელიც ქართულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.
„არის რიგი კომპანიები, რომლებიც საფონდო ბირჟაზე გასასვლელად მზად არიან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ინვესტორების ნდობა ქვეყნის მიმართ და მეორე მხრივ, ქართველების ნდობა კომპანიების მიმართ, რომ შეიძინონ ეს კომპანიები (მათი აქციების შეძენის გზით). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საპენსიო ფონდი, რომლის საინვესტიციო საბჭო უკვე დაკომპელქტებულია და მოლოდინი გვაქვს, რომ 2020 წლიდან ისინი აქტიურად დაიწყებენ ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ფასიან ქაღალდებში, ასევე აქციებში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისინი ინვესტიციას მხოლოდ საფონდო ბირჟაზე განახორციელებენ. ამიტომ არსებითია, რომ ჩვენ საქართველოში მოქმედ ყველა კორპორაციამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რათა ამ პროცესისთვის რაც შეიძლება უკეთ მოვემზადოთ“, – განმარტა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.