გიორგი ტატუნაშვილი - წვდომა მაქვს გამოძიების ყველა ინფორმაციაზე, საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც უნდა შევიტანოთ, რომ დაისაჯონ გარეწრები, ვინც ასე აწამა ჩემი შვილი
არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მოლოდინშია და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ „მოამბეს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
„მე მაინტერესებს, რაც არ წერია დასკვნაში – შუბლზე წრე ეტყობა და ცხვირი თავისი არ იყო. ავარიაში მოყვა და ცხვირი ჰქონდა ტრავმირებული. ცხედარი კი, გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. დასკვნაში არ წერია ცხვირზე. ნატყვიარი არ არისო, ასე განუცხადებიათ. თუ ნატყვიარი არ არის, მაშინ გამაგებინონ რა არის. ვაპირებ შეხვედრას ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან. გამოძიება დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე. სხვანაირად გამოძიება ჩიხში შევა. წვდომა მაქვს ყველა ინფორმაციასთან, გამოძიების ახალ ინფორმაციასთან და ადამიანი უსამართლო არ უნდა იყოს, სამდურავი არა მაქვს გამოძიებაზე, საერთოდ ყველა ინფორმაციას მაწვდიან“, – აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა.
ტატუნაშვილების ოჯახი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნასთან და სარჩელთან ერთად, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანს.
„საბოლოო დასკვნა უნდა დაიდოს, ალბათ მოიწვევენ კარდიოლოგებს, ნეიროქირურგია საჭირო, რომ დადონ დასკვნა, შესაძლოა თუ არა ამდენ წამებას გამოეწვია ჩემი შვილის სიკვდილი. საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც უნდა შევიტანოთ, რომ თუ გახდება შესაძლებელი დაისაჯონ ის გარეწრები, ვინც ასე უღვთოდ აწამა ჩემი შვილი“, – აღნიშნავს გიორგი ტატუნაშვილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია. სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.