გიორგი შენგელია - წელს მეტროპოლიტენის სრული ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი წელს თბილისის მეტროპოლიტენის მთლიანი ქსელის რეაბილიტაციას განახორციელებს, – ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის საქმიანობა განიხილეს. ფონდმა გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას დღეს წარუდგინა.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში მოქმედ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტურისტული ინფრასტრუქტურის, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე წყლისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ქალაქების ურბანული განახლება.
ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, წელს ფონდის პრიორიტეტად ტრადიციული მიმართულებები რჩება, თუმცა შედარებით მეტი აქცენტი ტურიზმსა და საგზაო ინფრასტრუქტურაზე გაკეთდება. ტურიზმის განვითარების კუთხით ფონდი ბაკურიანში ტურისტებისთვის სპეციალური კომფორტული ავტობუსების შეძენას აპირებს.
„წელს პრიორიტეტი ტრადიციული მიმართულებები იქნება. ეს პირველ რიგში არის ტურიზმი და საგზაო ინფრასტრუქტურა. საგზაო ინფრასტრუქტურის ქვეშ ცენტრალურ გზებსა და მაგისტრალებს არ ვგულისხმობ, ეს საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივა გახლავთ. ჩვენ შიდა მუნიციპალურ გზებზე, ორი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზებზე ვზრუნავთ. ამით არა მარტო ადგილობრივებისთვის ვქმნით სიკეთეს, არამედ ახალ ტურისტულ მიმართულებებს ვასტიმულირებთ. ასე რომ, გზების მიმართულება შენარჩუნდება. ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ექვს ქალაქში ვგეგმავთ ავტობუსების შეძენას. ბაკურიანის მიმართულებით ტენდერი მიმდინარეობს და ახლა შეფასების ეტაპზე ვართ. სპეციალურად ადაპტირებულ ავტობუსებს შევიძენთ, რომლითაც მოთხილამურეებს საშუალება ექნებათ, სათხილამურო ტრასებისკენ თავიანთი აღჭურვილობით კომფორტულად იმგზავრონ“, – განაცხადა შენგელიამ.
რაც შეეხება თბილისს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, დედაქალაქში მეტროპოლიტენის სრული ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
„ამ ნაწილში მადლობა მინდა ვუთხრა აზიის განვითარების ბანკს, რომელიც ამ პროექტების ძირითადი დამფინანსებელია. მეტრო ფონდისთვის ახალი ობიექტი არ გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ახალი მეტროსადგურის მშენებლობა დავასრულეთ. ახლა რეაბილიტაცია მთლიანად მეტროპოლიტენის ქსელს ეხება. მოხდება ყველა ძალოვანი კაბელისა და სავენეტილაციო დანადგარების შეცვლა, რომელთა უმრავლესობა მწყობრიდან არის გამოსული“, – განუცხადა გიორგი შენგელიამ „ბიზნესპარტნიორს“.