გიორგი შარაშიძე - საპროცესო გარიგებაზე ვინც არ მიდის, აქვთ განცდა, რომ რაღაც პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა ხალხს უნდა აუხსნან, რა როგორ მოხდა
4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა კეთილი უნდა ინებონ და ხალხს აუხსნან, რა როგორ მოხდა. პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას – შეცდომა, დანაშაულს კი დანაშაული არ დაერქმევა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „იმ ადამიანებსაც, ვინც საპროცესო გარიგებაზე არ მიდიან და დანაშაულს არ აღიარებენ, აქვთ განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვან, პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა“.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მინდა, გირჩიოთ, გიორგი გახარიას პირველი ოქტომბრის ინტერვიუს უყუროთ. ინტერვიუში გახარია, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით, ერთი ერთში პროგნოზირებს, რაც შეიძლებოდა, 4 ოქტომბრის შემდეგ მომხდარიყო – ბოიკოტზე დაშენებული ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეა როგორ მისცემდა დამატებით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, როგორ გააძლიერებდა და როგორ მისცემდა საბაბს, მეტად დაემძიმებინა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი და როგორ აღმოჩნდებოდა უამრავი ადამიანი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს გაფრთხილება ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ მოუსმენიათ. სამწუხაროდ, ვიხილეთ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების შეცდომა, გნებავთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული დავარქვათ. პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას – შეცდომა და დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა. დღეს ეს პოლიტიკოსები არაფერს ხსნიან, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა. შესაბამისად, იმ ადამიანებსაც, ვინც საპროცესო გარიგებაზე არ მიდიან და ვინც დანაშაულს არ აღიარებენ, აქვთ განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვან, პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა. პოლიტიკოსები თუ გამობრძანდებიან და კარგად აუხსნიან, რომ მათივე უპასუხისმგებლობით, დანაშაულით სხედან ეს ადამიანები ციხეში, მაშინ შეიძლება პოზიციაც კი შეიცვალონ. ჩვენ ეს ხალხი გარეთ გვჭირდება, ამ ადამიანებს საკუთარი ოჯახები ელოდებიან. გარდა რამდენიმე სახელისა და გვარისა, რომელიც უშუალოდ ამის ორგანიზატორი იყო, ყველა დანარჩენი თავისუფლებას იმსახურებს. 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმაც კეთილი უნდა ინებონ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხს აუხსნან, რა როგორ მოხდა, რომ მათი უპასუხისმგებლობის გამო ეს ხალხი დღეს მრავალწლიანი სასჯელის ქვეშაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.