4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა.
მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.
კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი რურუა, ლევან ჯიქია და სერგო მეგრელიშვილი.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 22 პირს გაუფორმდა და ეტაპობრივად, 22-ვე პატიმრობიდან გათავისუფლდა. კერძოდ, რვა პირი გუშინ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან, კიდევ რვა დაკავებული რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, ექვსი კი – ცოტა ხნის წინ.