მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომაზე განხილავენ მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.
ადვოკატები ითხოვენ, რომ დაუშვებლად იყოს ცნობილი ბრალდების მხარის შუამდგომლობები, რადგან ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარის მასალები ვერ ამტკიცებს მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას.
ადვოკატი როსტომ კერესელიძე, საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმეების ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. ასევე, ადვოკატები ითხოვენ დევნის შეწყვეტას.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეც მოითხოვს ადვოკატების გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად და ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემა მოხდეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვს არასრულწლოვანს გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.