გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა 20 ივნისს, 10:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მოხდა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ ჩანაცვლდა.
„სამწუხაროდ, სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ეს დადასტურდა ბოლოს დაკითხული მოწმეების ჩვენებებითაც. დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბრალდების პოზიციის აბსურდულობა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ დაურეკა ვინმე დავით დავალიშვილმა რომელსაც იცნობს, მაგრამ ფიზიკურად აღწერა არ შეუძლია, არ იცის მაღალია თუ დაბალი, მათ შორის არ იცის, ორივე თვალი აქვს თუ არა, არ იცის მსუქანია თუ დაბალია და ა.შ, არაფერი არ იცის. გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი რეალურად არ იცნობს მას და უბრალოდ ათქმევინეს, რომ თითქოს ვინმე დავით დვალიშვილმა სთხოვა ავტომობილის გაჩერება. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება რაც პატრულის თანამშრომელმა განაცხადა იყო ის, რომ მას ხელმძღვანელმა უთხრა, არ გაეკეთებინა სამხრე კამერა, ანუ განზრახ არ მოხდა სამხრე კამერის გაკეთება, რათა ვიდეოზე არ დაფიქსირებულიყო გიორგი რურუას უკანონო დაკავება და მისთვის იარაღის ჩადება. გიორგი რურუა ციხეში ზის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად. ბერკეტი შესაბამისად არის პოლიტიკური წნეხის მოხსნა სასამართლოზე. იმ პირობებში, თუ სასამართლოს არ ექნება მითითება რა გააკეთოს, საკმარისი იქნება, რომ სასამართლომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს გიორგი რურუა პატიმრობიდან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ბერკეტი არსებობს და ძალიან ცუდია, რომ ასეთი ბერკეტი არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილი
პროკურატურის პოზიციით, საქმეში კვლავ არაერთი მოწმეა დასაკითხი, შესაბამისად ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.
„აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა ბოლოს 27 აპრილს და დატოვა გიორგი რურუა პატიმრობაში. დღესაც ათკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის საფუძველზე ისევ იმსჯელა და კვლავაც დატოვა ძალაში. აღნისნული გადაწყვეტილების მიზეზი შემდეგია, არ არის რაიმე ახალი შემამსუბუქებელი გარემოება ბრალდებულის მიმართ არ არსებობს ის საფრთხეები, რაც არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს. რაც შეეხება მოწმეებს, ბრალდების მხარე უკვე დაკითხული ყავს 15 მოწმე, ხოლო 24 კვლავაც დასაკითხია. შესაბამისად, ამ მოცემულობიდან კვლავ დასაკითხია უმეტესი მოწმეები და მათზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს“, – განაცხადა ვასილ სამხარაძემ.
სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.